შარდენის ქუჩა, ყოფ. ბნელი რიგი, ძველ თბილისში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა, ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი.

წარსულში ძველი თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ქუჩა იყო, რომელიც თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედანზე გადიოდა და მას სიონის ქუჩას აკავშირებდა. ერთ დროს ეს ვიწრო ქუჩა გადახურული იყო და ამიტომ ერქვა „ბნელი ქუჩა“ (რუს. «Темний ряд»). გვიან შუა საუკუნეებში აქ მექვაბების რიგი იყო, ხოლო XIX ს.-ში ახალი ბაზაზხანა განვითარდა. დახურული ბაზაზხანა-ბნელი რიგი XX ს.-ის დასაწყისშიც არსებობდა. შემდეგ მოხდა მისი რეკონსტრუქცია (არქ. გ. ბათიაშვილი, 1981) და XVII ს. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სახელი ეწოდა. 2002 წ. დაიწყო ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა. ამჟამად შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები; ეწყობა გამოფენები, დღესასწაულები, კონცერტები.